ჟურნალი ნომერი 7 ∘ მარიტა ხარშილაძე აბაზა მეჰმედ ფაშა (1576-1634)- ოსმალეთის იმპერიის აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეXVI საუკუნის ბოლოს, ოსმალეთში პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოდის აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე და მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა, აბაზა მეჰმედ ფაშა (1576-1634), რომელიც საკუთარი ნიჭის წყალობით მალევე დაწინაურდება ოსმალურ სარბიელზე. მისი წარმომავლობა დღემდე სკეფსისის საბაბს იძლევა. ის ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული პიროვნებაა, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ოსმალეთის იმპერიის ენციკლოპედიურ ცნობებში.
დასაწყისში განვიხილოთ ოსმალეთის იმპერიის წინარე ისტორიული ფონი. მოგეხსენებათ, სულეიმან I-ის (1520-1566) მმართველობის პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ოქროს ხანად მიიჩნევა. ევროპისა და აზიის მიმართულებით წარმოებულმა წარმატებულმა ექსპანსიურმა პოლიტიკამ, ოსმალეთის იმპერია ევროპაში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.აჰმედ I-ის (1603-1617) ტახტზე ასვლის შემდგომ, სახელმწიფოში ვითარება მნიშვნელოვნად აირია. მან მამისგან მემკვიდრეობით მიიღო იმპერია, რომელიც სამ ფრონტზე იბრძოდა: ჰაბსბურგების წინააღმდეგ უნგრეთში, სეფიანების წინააღმდეგ და აჯანყებული ჯელალიების წინააღმდეგ ანატოლიაში. [Ágoston, 2008: 62] ოსმალეთის ძველი დიდება ნელ-ნელა წარსულს ბარდებოდა.სწორედ, ამ პერიოდში ჩნდება პოლიტიკურ სარბიელზე ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო აფხაზი მოღვაწე, აბაზა მეჰმედ ფაშა.
სამწუხაროდ, აბაზა მეჰმედ ფაშას შესახებ ისტორიამ მდიდარი ცნობები არ შემოგვინახა, მისი წარმომავლობა დღემდე კამათის საგანი ხდება. განსაკუთრებით საინტერესოა ,,აბაზა''-ს კავშირი ,,აფხაზ''-ის ეთნონიმთან. XV საუკუნიდან, როგორც ცნობილი ქართველი მეცნიერი და არაბისტი, პროფ. გოჩა ჯაფარიძე შენიშნავს, საკუთრივ ეთნიკურ აფხაზს არაბულენოვანი წყაროები ხან ,,აბხას''-ს უწოდებენ, ხან კიდევ-,,აბაზა''-ს. [ჯაფარიძე,2012:24] XIX საუკუნეში კი ოსმალეთში გადასახლებული აფხაზი მუჰაჯირები ,,აბაზად'' იწოდებოდნენ. [კვაშილავა, 2021:62] ,,აფხაზეთი'', ხშირად საქართველოს სინონიმად გვხვდება. ამ ეთნონიმით ხშირად მოიხსენიებდნენ სოხუმის იქეთ არსებულ მხარეს. ამაზე ცნობებს გვაწვდის ქართველი თურქოლოგი ცისანა აბულაძე: XVI ს. 30-იანი წლების დოკუმენტში ,,აფხაზეთად'' სოხუმის იქით მდებარე მხარე მოიხსენიება. იმავე საუკუნის შუახანებიდან ,,აფხაზეთის'' გამოყენება ოსმალურ წყაროებში წყდება და მას უკვე ,,აბაზა'' ანაცვლებს. თუმცა, რუსი მეცნიერი ვ. ტატიშჩევის შენიშვნით, XVIII ს. შუახანებამდე „აბაზად“ ჩრდილოეთ სამეგრელოსაც მოიხსენიებდნენ. [აბულაძე, 1993: 274]
საინტერესოა, შეიძლება ეთნონიმთა კავშირზე დაყრდნობით მივიჩნიოთ, რომ აბაზა მეჰმედ ფაშა აფხაზი იყო?
ქართული ისტორიოგრაფია უარყოფს ამ უკანასკნელის სლავურ წარმომავლობასთან კავშირს, კრიტიკული ანალიზისა და საისტორიო წყაროების მოშველიებით ნათლად ასაბუთებს აბაზა მეჰმედ ფაშას ქართულ წარმომავლობას. აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ მოიტანა ამონარიდი ერთი ოსმალური წყაროდან, სადაც მემატიანე აღნიშნავს, რომ მეჰმედ აბაზა-ფაშა ,,ქართველია''. მ. სვანიძეც მას ქართველად მიიჩნევდა, რომელიც აფხაზეთიდან უნდა მოეტაცათ. როგორც ილია ტაბაღუა აღნიშნავდა, ერთ-ერთ იტალიურ საბუთში პირდაპირ დასტურდება აბაზა მეჰმედ-ფაშას ქართველობა: ,,დაბადებითა და ნათლობით ქართველია, კოლხეთიდან იგი ქრისტიანულ სარწმუნოებას გადაუდგა.'' ანალოგიურ ცნობას ვხვდებით იტალიელ მისიონერ მიქელე მოსკოსთანაც. [კვაშილავა. 2021: 64] როგორც ვხედავთ, აბაზა მეჰმედ ფაშას ისტორიული ფიგურა საიდუმლოებით მოცულია.
XVII საუკუნის 20-30-იანი წლების ოსმალეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აბაზა მეჰმედ-ფაშას გარკვეული ადგილი უკავია. მეჰმედ სურეას ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწეთა ბიოგრაფიული ლექსიკონის ,,სიჯილ-ი ოსმანის'' მიხედვით, აბაზა მეჰმედ ფაშა წარმოშობით ქართველია. ოსმალო მემატიანის მუსტაფა ნაიმას ცნობით, აბაზა ფაშა თავის თავზე ამბობდა: ,,მე სამოთხის შვილივით აზნაური ვარ, რომლის წარმოშობა უკავშირდება ხელმწიფეთა შთამომავლობას''. [სვანიძე, 1990: 284] როგორც ვიცით, აზნაური ქართველი ფეოდალის აღმნიშვნელი ტერმინია, შესაძლოა ამ სიტყვებით, ფაშას საკუთარ ეთნიკურ და სოციალურ წარმომავლობაზე სურდა ხაზი გაესვა.
სავარაუდოდ, აბაზა ფაშა ბავშვობაში აფხაზეთიდან მოტაცების და ტყვედ გაყიდვის შემდგომ ოსმალეთში აღმოჩნდა. ფაშა თავიდან ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ოსმალეთში ყოფნისას მან მაჰმადიანობა მიიღო, სარწმუნოების შეცვლის შემდეგ, აბაზა ფაშა, ოსმალურ კარზე მალე დაწინაურდა და აქტიური პოლიტიკური ნაბიჯებით გამოირჩეოდა.
1596/1599-1610 წლებში, ოსმალეთში, ჯელალიების სახელწოდებით ცნობილი გლეხთა დიდი აჯანყება მიმდინარეობდა.[სვანიძე, 1990: 285] 1605-1607 წლებში, აბაზა მეჰმედიც მონაწილეობდა ანატოლიის გლეხთა აჯანყებაში. ჯანფოლადოღლუს დამარცხების შემდგომ, აბაზაც მასთან ერთად დაატყვევეს, თუმცა მისი გამჭრიახობით და იენიჩართა წყალობით აბაზამ სიცოცხლე შეინარჩუნა და ოსმალეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურდა კიდეც.
ამ პერიოდიდან აბაზა მეჰმედი ოსმალეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მჭიდროდ ჩაერთო, რასაც ხელი შეუწყო ხალილ ფაშამ (1616-1619 წლებში, დიდმა ვეზირმა). აბაზა ფაშა ძლიერდება, იგი ჯერ მარაშის ბეგლარბეგად, 1620 წლიდან კი, არზრუმის ფაშად გვევლინება.
აბაზა ფაშას პოლიტიკური მოღაწეობის გარდამტეხ პერიოდად XVII ს-ის 20-იანი წლების დასაწყისი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. ამ პერიოდში ოსმალეთში მძიმე საშინაო ვითარებაა, ერთმანეთს უპირისპირდებიან პოლიტიკური დაჯგუფებები, ხშირია სეპარატისტული გამოსვლები და სასახლის გადატრიალებები. 1617-1623 წლებში ოსმალთა იმპერიამ ოთხჯერ შეიცვალა სულთანი. საბოლოოდ, 1618 წ, ტახტზე ავიდა აჰმედ I-ის უფროსი ვაჟი, ოსმან II (1618-1622).
1622 წელს ოსმალეთი პოლონეთთან ომში დამარცხდა, სულთანმა ოსმან II-მ მიიღო გადაწყვეტილება იენიჩართა კორპუსის ახალი სამხედრო შენაერთით შეცვლის შესახებ. სულთანი ფიქრობდა, რომ ჩამოეყალიბებინა ახალი სამხედრო ძალა, რომელიც ანატოლიაში მცხოვრები გლეხებით იქნებოდა დაკომპლექტებული. მის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა არზრუმის ბეგლარბეგი აბაზა ფაშაც, რომელსაც თავისი მიზნები ჰქონდა - მას ამ გზით სურდა საკუთარი გავლენის სფეროები გაეზარდა დედაქალაქში.
ოსმან II-ის გეგმას სავალალო შედეგები მოჰყვა, მისი მიზანი გამჟღავნდა, რაც შეიტყვეს თავად იენიჩრებმაც და სულთნის წინააღმდეგ აჯანყდნენ. იენიჩრებმა სულთანი ოსმანი ტახტიდან ჩამოაგდეს, იედიყულეს ციხეში გამოკეტეს და იქ 20 მაისს მოკლეს.[ახალკაციშვილი, 2020:258] 1622 წლის 22 მაისს, გამარჯვებულმა იენიჩრებმა და დაქირავებულმა რაზმმა, რომელთაც ბრალი მიუძღოდათ ოსმან II-ის მკვლელობაში, ტახტზე აიყვანეს სულთანი მუსტაფა I(1617-1618/ 1622-1623).
აბაზა მეჰმედ ფაშამ, სულთნის მკვლელობის გამო, შურისძიების მიზნით, პროვინციაში დაიწყო იენიჩარების ხოცვა-ჟლეტა. ფაშა სახელმწიფოს არეულობის მთავარ მიზეზად იენიჩართა თვითნებობასა და უდისციპლინო ქმედებებს მიიჩნევდა.
ხელისუფლებაში შეეცადნენ კონფლიქტის მოგვარებას და სიკვდილით დასაჯეს ქარა დავუდ-ფაშა, მაგრამ აბაზა მეჰმედ-ფაშა ამან ვერ შეაჩერა. მან შეკრიბა დაქირავებული მეომრები (სეკბანები) და დასავლეთისაკენ დაიძრა. მათ აიღეს სივასი, ალყა შემოარტყეს ანკარას, 1623 წლის მაისში 40–ათასიანი არმიით დაიპყრეს ანკარა და სულთანი მუსტაფა ტახტიდან ჩამოაგდეს. [Cevrioglu, 2021 :32]
ცალსახაა, რომ აბაზა ფაშამ იმპერიაში პოლიტიკური არეულობა დაატრიალა. მან 30-40 ათასიანი არმიით აიღო სივასი, ყარაჰისარი, ანკარა, ბურსა და სხვა თურქული ქალაქები. აბაზა მეჰმედის აჯანყება მთელ აღმოსავლეთ და ცენტრალური ანატოლიის ტერიტორიებზე გავრცელდა. სომეხი მოგზაური სიმონ ლეჰაცი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის აღნიშნული აჯანყების მოვლენებზე: ,,როცა მან ანატოლიას მიაღწია, მისი ჯარი გაძლიერდა, იგი ოსმანის დამცველად აცხადებდა თავს და დაიწყო იენიჩართა ჟლეტა. იგი თანდათან გაძლიერდა, შემოიკრიბა ლაშქარი, გახდა ძლევამოსილი, სადაც კი რაიმეს შეიტყობდა იენიჩარების შესახებ ან იპოვიდა მათ, შეუბრალებლად ჰკლავდა და სასტიკად აწამებდა, თან უმატებდა: ,,თქვენ მოკალით თქვენი მეფე, ამიტომ მე თქვენს სისხლს დავლევ!''. [Лехаци, 1965: 261-262] აბაზა მეჰმედის სასტიკი შურისძიება 10 წელი გაგრძელდა, მან ამ დროის განმავლობაში 40 ათასი იენიჩარი დახოცა, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობებისა, მათ ფაშას ვერაფერი დააკლეს.
ხელისუფლება თავის მხრივ ცდილობდა ჩაეხშო აბაზა მეჰმედის გამოსვლები. აბაზა ფაშას წინააღმდეგ სამი დიდი დამსჯელი ექსპედიცია გაიგზავნა. მისი მომხრეები გაფანტულ იქნენ, მაგრამ 1628 წლის 18 სექტემბრამდე აბაზა ფაშა ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას არზრუმში.
ძალზედ საინტერესოა, რომ ოსმალეთის იმპერიის მძიმე პერიოდში აბაზა ფაშას კავშირი ჰქონდა კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან (1606-1648). მოგეხსენებათ, ამ დროს კახეთის მეფეც მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა. შაჰ-აბასისაგან დევნილმა თეიმურაზმა ჯერ დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, შემდეგ კი ოსმალეთში წავიდა და სულთანს დახმარება სთხოვა. თეიმურაზ მეფე 1625 წლის აპრილამდე „ოსმალეთის საქართველოში“ ცხოვრობდა. მარტყოფის აჯანყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ოსმალეთში ყოფნის დროს შეხვდა თეიმურაზ მეფე აბაზა მეჰმედ ფაშას და მასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.
როგორც წყაროებიდან ირკვევა, აბაზა მეჰმედისა და თეიმურაზ მეფის ინტერესები ანიტოსმალურ კოალიციაში ჩართვასთან დაკავშირებით იკვეთება. 1626 წელს თეიმურაზ მეფემ ნიკიფორე ირბახი ევროპაში გაგზავნა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით. თეიმურაზ I-ის მთავარი მიზანი ესპანეთის დახმარებით, ევროპაში "სარკმლის გაჭრა" იყო. ნიკიფორე ირბახის ესპანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებიდან ირკვევა, რომ თეიმურაზ მეფეს განზრახული ჰქონდა ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაება მუსტაფა I-ის წინააღმდეგ აჯანყებული აბაზა ფაშაც. ნიკიფორე ირბახი ესპანეთის სამეფო კარს აცნობებდა: „აჯანყებული აბაზა ფაშა თხოვდა იბერიის მეფეს (თეიმურაზს) და ყოველნაირად ცდილობდა დაეყოლიებინა იგი კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ ერთობლივ ლაშქრობაზე.''[სვანიძე, 1990: 289]
თეიმურაზ მეფესა და აბაზა მეჰმედს შორის კავშირიდან მნიშვნელოვან ცნობებს ვიღებთ ფაშას წარმომავლობის შესახებ. ნიკიფორე ირბახი აღნიშნავდა, რომ აბაზა მეჰმედ ფაშა წარმოშობით ქართველი იყო, იბერიიდან და მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზ მეფესთან. აშკარაა, რომ იბერიის მეფეს გარკვეული მოლოდინები ჰქონდა ფაშასთან დაკავშირებით. ანტიოსმალური გეგმა ვერ განხორციელდა და უშედეგოდ დასრულდა.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ხდება ოსმალეთის სახელმწიფოში. მუსტაფა I-ის მოწინააღმდეგეებმა თავისი მიზანი სისრულეში მოიყვანეს და სულთანი ტახტიდან ჩამოაგდეს. ოსმალეთის იმპერიის მე-17 სულთანი გახდა მურად IV (1623- 1640). ის ჩვენთვის ცნობილია, როგორც სასტიკი სულთანი. [ახალკაციშვილი, 2020: 264] ამ დროს ხელისუფლებას რეალურად ფლობდნენ სულთნის დედა და დიდი ვეზირი - გურჯი მეჰმედ ფაშა.
მურად IV-მ თავისი ერთპიროვნული მმართველობა 1632 წელს დაიწყო, ოსმალეთის შიდა პოლიტიკური ვითარება შედარებით გაუმჯობესდა. აბაზა მეჰმედ ფაშა ახალი სულთნის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩოდა, მას, როგორც მთავრობის წინააღმდეგ ყოფილ მეამბოხეს, მურად IV-სთან ურთიერთობა გართულებული ჰქონდა.
ამ პერიოდში განახლდა ირან-ოსმალეთის ომი, სადაც არზრუმს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად შაჰ-აბას I-სთვის (1587-1629) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აბაზა ფაშასთან ურთიერთობას. მან გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი ვითარებით და აბაზა ფაშა თავის მხარეზე გადაებირებინა. 1625 წლის გაზაფხულზე შაჰმა არზრუმში აბაზა ფაშასთან თავისი ელჩები და საჩუქრად ოცდაექვსი ბედაური და ოცი აქლემი გაგზავნა. [სვანიძე, 1990: 290]
ოსმალეთისთვის არცთუ ისე სახარბიელო ვითარებაში, მურად IV-ს არ აწყობდა ფაშა შაჰის მხარეს გადასულიყო, ამიტომ მან აბაზა მეჰმედს დანაშაული აპატია და თავის სამსახურში ჩააყენა.
1627 წელს ოსმალეთის დიდი ვეზირი ჰალილ ფაშა ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა. მან აბაზა ფაშასთან ბოსტან ფაშა გააგზავნა, რათა გაეგო მიიღებდა თუ არა აბაზა ფაშა მათთან ერთად ახალციხის აღებაში მონაწილეობას. აბაზა ფაშამ დიდი პატივით მიიღო ჰალილ ფაშას წარმომადგენელი. მან დიდ ვეზირს წერილი გაუგზავნა, რომელშიაც წერდა: „მე ფადიშაჰის უღირსი მონა ვარ. ვილაიეთი შენია, მაგრამ თავაშვებული ჯარის (იენიჩარების) ეშინიათ. "შენი ლაშქრით მუშიდან გამოემართე, რომ დამშვიდებული იყვნენ. მე ფაშებთან ერთად ახალციხეზე წავალ. სარდლად მე დამნიშნეო“. [ტაბაღუა, 1986: 291] აშკარაა, რომ აბაზა ფაშა სურვილს გამოთქვამდა ოსმალეთის სასარგებლოდ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.
აბაზა მეჰმედის განწყობა ოსმალეთის მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფაშას ხელში ჩაუვარდა წერილი „მისი მოკვლის შესახებ“. სწორედ ამიტომ, იგი არზრუმისაკენ გამოგზავნილ ოსმალთა ჯარს თავს დაესხა და სასტიკად დაამარცხა.
აბაზა ფაშას კვლავ დაუპირისპირდა უმაღლესი ხელისუფლება. 1628 წლის ივნისში, ხუსრევ-ფაშა აბაზას წინააღმდეგ სალაშქროდ გაემართა. აღსანიშნავია, რომ ამ ლაშქრობაში აბაზა მეჰმედის წინააღმდეგ მონაწილეობდა გიორგი სააკაძეც, რომელიც ბაზალეთის ბრძოლაში (1626) დამარცხების შემდეგ ოსმალეთს აფარებდა თავს. 1628 წლის 4 სექტემბერს, ხუსრევ ფაშამ, არზრუმს ალყა შემოარტყა. აბაზა ფაშა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. შაჰ-აბასმა აბაზა ფაშას დასახმარებლად ჯარი გაგზავნა შამსი-ხანის წინამძღოლობით. არზრუმის ციხექალაქი 14 დღის განმავლობაში ალყაშემორტყმული მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა. ალყის შემდეგ აბაზა ფაშამ ოსმალეთის დიდვეზირთან მოლაპარაკება გამართა. 1628 წლის 18 სექტემბერს ხუსრევ ფაშასა და აბაზა მეჰმედს შორის მოხდა შეთანხმება, რის შესახებაც ცნობებს მუსტაფა ნაიმა შემდეგნაირად გადმოგვცემს: „სარდალმაც (ხუსრევ ფაშამ.) ვეზირობის შესაფერისად განადიდა და დიდი პატივი აღმოუჩინა. აბაზამ წარსული დანაშაულებათა პატიება ითხოვა. დიდ ვეზირმაც უთხრა: - რაც იყო, იყოო და მას სიასამურის ქურქი, ხოლო მის აღებს საპატიო ხალათები ჩააცვა, შეუწყალა და ყველა თხოვნა შეუსრულა, არაფერი არ დააკლო“. [სვანიძე, 1990: 292]
ხუსრევ ფაშამ დატყვევებული აბაზა ფაშა სტამბულში ჩაიყვანა და სულთანს მიჰგვარს. მურად IV-მ აბაზა ფაშას ჰკითხა: „შენ, რატომ ჩაიდინე ასეთი საქმეები და ამდენი ჩემი მსახური რატომ დაღუპე?“ მან უპასუხა: „მე შურს ვიძიებდი ტახტის მემკვიდრისა და შენი ძმის ოსმანის გამო. აგრეთვე, მე მაქვს წერილი დედაშენისა და დიდი ვეზირის, რომ ასე მოვქცეულიყავი“. [სვანიძე, 1990: 292] ვალიდე ქოსემ სულთანთან აბაზა მეჰმედ ფაშა ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული სახელმწიფო მოღვაწე იყო, რაც აბაზას აჯანყებაში ქოსემ სულთნის ჩართულობის არგუმენტს გვიმყარებს. მურად IV-მ იგი სიკვდილით არ დასაჯა, არამედ ფაშას უბოძა ბოსნიის ბეგლარბეგობა რუმელიაში. 1629 წლის თებერვალში, აბაზა მეჰმედ ფაშამ სტამბოლი დატოვა და ბოსნიისკენ გაემგზავრა.
აბაზა ფაშას მმართველობის დროს (1629-1631 წწ.) ბოსნია დაიყო სამ სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულად. სახელმწიფოს ჩრდილოეთი ავსტრიელი ჰაბსბურგების მიერ იყო დაკავებული. იგი აყალიბებდა საზღვარს ხორვატიის სასაზღვრო პუნქტთან, რომელიც ეკუთვნოდა რეგიონს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაშა ირიბად ჩართული იყო ევროპულ პოლიტიკაში. აქტიურ ურთიერთობას ატარებდა ვენეციასთან და ავსტრიასთან. იგი ბოსნიის ოლქს 1631 წლამდე მართავდა. ცოტა ხნის შემდეგ, სულთნის ბრძანებით იგი ციხესიმაგრე ოჩაკოვის უფროსად დანიშნეს. ფაშა შემდგომ სავეზირო საბჭოში (დივანში) შევიდა და ქუბბე-ვეზირის თანამდებობა (1631) დაიკავა. ასევე, აღსანიშნავია მისი დანიშვნა ვალიდე ქოსემ სულტნის (1623-1632/1640-1651) ქათხოდად (მოადგილე), რამაც შემდგომში მის დიდ ვეზირად დანიშვნას (დაახლ. 1632-1634 წწ.) ძალიან შეუწყო ხელი. [Cevrioglu, 2021:36]
აბაზა მეჰმედის დიდვეზირობის პერიოდში, ოსმალეთ-პოლონეთის დაპირისპირებისას ეს უკანასკნელი მნიშნელოვან როლს ასრულებდა. 1633 წელს მან 60 ათასიანი ლაშქრით მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წინააღმდეგ ომში. მურად IV-მ მას პოლონეთში შეჭრა უბრძანა. ფაშა კამენეც-პოდოლსკის ციხესიმაგრეს მიადგა. სულთანი ბრძოლის მიზეზად პოლონეთის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებდა. აბაზა ფაშა ვიდინში (დღევ. ბულგარეთი) ყირიმის, ვლახეთისა და მოლდოვის ჯარებს შეხვდა. პოლონეთის ელჩმა ტრებზინსკიმ მოითხოვა მშვიდობა და შეთანხმების დამყარება ოსმალეთთან, აიღო ყოველწლიური ხარკის გადახდის ვალდებულებაც. [Cevrioglu, 2021:36] ეს წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ პოლონეთ-ოსმალეთის დაპირისპირებაში.
1634 წელს სასახლის კარზე აბაზა მეჰმედ ფაშას წინააღმდეგ დიდი პოლიტიკური ინტრიგები იგეგმებოდა. მისი დაწინაურება ხელსაყრელი არ იყო მაღალი წრისთვის. ამან შეიწირა ფაშას სიცოცხლეც. საჭირო იყო მიზეზის პოვნა და ასეთიც გამოჩნდა. ყრილობაზე ბერძნებსა და სომხებს შორის კამათის დროს, ფაშას ბრალად დასდეს სომხებისგან ქრთამის აღება და მათთვის პროცენტის გადაცემა, იგი 1634 წლის 23 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს, სავარაუდოა, რომ ამაში მურად IV-ც იყო ჩარეული. აბაზა ფაშა დაკრძალეს ქუიუჯუ მურად ფაშას საფლავთან ახლოს.
აფხაზური წარმოშობის მეჰმედ ფაშა ნამდვილად გამორჩეული და საინტერესო პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე გახლდათ, ის მოხსენიებულია ოსმალურ და ისლამურ ენციკლოპედიებსა და ბიოგრაფიულ ლექსიკონებში. ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ოსმალეთის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში, დიდი წვლილი შეიტანა მუსტაფა I-ის ტახტიდან ჩამოგდებასა და იენიჩართა თვითნებობის აღკვეთაში.
ბიბლიოგრაფია
1. აბულაძე, 1993: აბულაძე ცისანა, საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში. კრებ: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ. გ. პაიჭაძე, თბილისი;
2. ახალკაციშვილი, 2020: ახალკაციშვილი გიორგი, ბიოგრაფიები ოსმალეთის სულთნებისა და სტამბოლის შესახებ - 1453-1700, თბილისი.
3. კვაშილავა, 2021: კვაშილავა კახა, კიდევ ერთხელ აბაზა მეჰმედ ფაშას ეთნიკური იდენტობის საკითხისთვის, საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა კრებულში- ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში; რედ. ქეთევან ხუციშვილი, მირიან ხოსიტაშვილი, თბილისი;
4. ლომოური ნოდარ, საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში. კრებ: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია; რედ. ი გ. პაიჭაძე, თბილისი, 1993;
5. სვანიძე, 1990: სვანიძე მიხეილ, საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), აკად. გ.წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი;
6. ტაბაღუა, 1986: ტაბაღუა ილია, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში (XIII-XX სს-ის პირველი მეოთხედი)- ტ. II, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი;
7. სურეა, 1990: სურეა მეჰმედ, სიჯილ-ი ოსმანი, ტ. IV, თარგმანი: მიხელ სვანაძე, თბილისი;
8. ჯაფარიძე, 2012: ჯაფარიძე გოჩა, ძიებანი ტ.I, თბილისი;
9. Ágoston, Masters 2008: Ágoston.G, Masters. B., Encyclopedia of the OTTOMAN empire;
10. Cevrioglu, 2021: Mahmut Halef Cevrioglu., Asiden Valiye: Rumeli’de Abaza Mehmed Pasa (1629-1634);
11. Лехаци, 1965 : Симеон Лехаци, Путевые заметки, М. Восточная литература;